X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

საპილოტე რეგიონების პროგრამისთვის 54 მლნ ევროს გამოყოფას ხელი ბრიუსელში მოეწერა

30 სექტემბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად, ხელი მოაწერა  საფინანსო შეთანხმებას, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (EU4 Integrated Territorial Development Programme) ფარგლებში, 54 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია წინასწარ შერჩეულ საპილოტე რეგიონებში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 10 მლნ ევროთი დაფინანსდება, მოიაზრებს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ერთმანეთთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებით.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და მისი ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. პროგრამის მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, სიღარიბის შემცირებას და სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.

მიმდინარე წელს 5 მილიონ ლარამდე ღირებულების 11 პროექტი დაფინანსდა. მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით საპილოტე რეგიონებში წლის ბოლომდე ახალი კონკურსები გამოცხადდება.